ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას შეუერთდა. ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან კომენტარისას ისაუბრა.
მისი თქმით, ქართული ქარტიის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები გაიწერა, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც საქართველოს შეუძლია, რომ ევროკავშირთან წარმატებით მოლაპარაკებები გახსნას.
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა და მიზანი, რომლის გადარჩენაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ დოკუმენტის ფარგლებში გაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც საქართველოს შეუძლია, რომ წარმატებით გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამიტომ მივიჩნიეთ აუცილებლად, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხელი მოეწერა აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ ვუერთდებით ამ დოკუმენტს და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს ევროკავშირში", - თქვა ბოკუჩავამ.
***
ქართული ქარტია, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ქარტიის ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.
ქარტიაში საუბარია "ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.